პროპორციული არჩევნები 2020 - ასოციაციის დასკვნა

3 ოქტომბერი, 2019

დ ა ს კ ვ ნ ა
 
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/384; 17.07.2019) შესახებ საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ შეაფასა წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტები; ერთი მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული (N07-3/380; 28.06.2019) კონსტიტუციური კანონპროექტი, ხოლო, მეორე მხრივ, საინიციატივო ჯგუფის(ოპოზიციის) მიერ ინიციირებული (N07-3/384; 17.07.2019) კონსტიტუციური კანონპროექტი.
 
ასოციაციის დასკვნაზე იმუშავა 30-მდე ახალგაზრდამ, რომელთა მონაცემებიც თან ერთვის დოკუმენტს. დასკვნაზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღო როგორც ასოციაციის წევრმა პირებმა, ისე დაინტერესებულმა სტუდენტებმა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამა წლის 29 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართულ სტუდენტურ განხილვაში, რომელიც მოიცავდა კონსტიტუციური კანონპროექტის პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის მოწვეული წევრების, ოთარ კახიძისა და გიორგი კახიანის, მიმართვებს და კითხვა-პასუხის რეჟიმს, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება, თავიანთი პოზიციის გამოხატვისა. დასკვნის სახით ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს დაურიგდათ ბიულეტენები, სადაც მათ ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანონპროექტს, ან თავი შეიკავეს დასაბუთებული შენიშვნებით. შეხვედრაზე დამსწრე 26 ახალგაზრდის ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 14 ხმა მიიღო საინიციატივო ჯგუფის კონსტიტუციურმა კანონპროექტმა; 8 ხმა მიიღო მმართველი გუნდის კანონპროექტმა; 1-მა ადამიანმა არცერთ კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი, ხოლო 3-მა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. სტუდენტური განხილვა ჩატარდა პირდაპირ ეთერში და ვიდეო ჩანაწერი ხელმისწავმდომია საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის სოციალურ ქსელსა და ვებ-გვერდზე.
 
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია, გამომდინარე ჩატარებული კვლევისა და საჯარო განხილვებისა, წარმოვადგენთ მოკლე თეზისების სახით გამოთქმულ შენიშვნებს თუ კომენტარებს არსებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, კერძოდ:
 
  • პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან წარმოადგენს ცალსახად დადებით მოვლენას და ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2017 წლის რეფორმების დროსაც ამ პოზიციას იკავებდა;
  • მიუხედავად გამოხატული მხარდაჭერისა, ვთვლით, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონი არ არის საუკეთესო მოდელი და არცერთი მათგანი არ არის მისაღები ამ სახით;
  • მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს ერთ მთავარ ხარვეზს, კერძოდ, არჩევნების ჩატარება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. იმ ფონზე, რომ არსებობს რისკი პარლამენტი დაკომპლექტდეს განსაკუთრებული სიჭრელით, რის წინაპირობასაც იძლევა ეს მოდელი, რისკისქვეშ დგება პარლამენტის ქმედუნარიანობა, რაც აუცილებელი ფაქტორია კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებისთვის. ჩვენ არ ვემხრობით ნულოვანი ბარიერის ნაწილს. რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ამ ნაწილში ვიზიარებთ არგუმენტაციას და ვიმეორებთ, რომ საარჩევნო სისტემა ბლოკების გარეშე უკეთ უზრუნველყოფს პარტიული სისტემის განვითარებას. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საარჩევნო სისტემა ბლოკების გარეშე ფუნქციონირებს. გასული 30 წლის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას;
  • საინიციატივო ჯგუფის(ოპოზიციის) მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი მისაღებია ბარიერის ნაწილში, ვთვლით, რომ ბარიერი აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ კონსტიტუციური კოლაფსის შესაძლო თეორიული სცენარი. ამასთან, 3-პროცენტიანი ბარიერი სრულიად თავსებადია საუკეთესო პრაქტიკასთან და შესაბამისია ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან. 3-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმს და ქმედუნარიან პარლამენტს შესაბამისი წარმომადგენლობით. რაც შეეხება ბლოკების შენარჩუნების შესახებ საკითხს, ჩვენ არ ვიზიარებთ დასაბუთებას და ვთვლით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან ბლოკები გაუქმდება, პარტიებისათვის გარდამავალი ეტაპი მნიშვნელოვანი იქნება გაძლიერებისათვის;
  • საბოლოოდ, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პოზიციით, 2020 წლის პროპორციული არჩევნები უნდა მოიცავდეს 3-პროცენტიან ბარიერს, შესაბამისად ვიზიარებთ საინიციატივო ჯგუფის(ოპოზიციის) კანონპროექტს ნაწილობრივ, ხოლო მმართველი პარტიის კონსტიტუციურ კანონპროექტს იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბლოკები.
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია, 2019 წელი
 
დასკვნაზე მუშაობდნენ ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები:
დავით ვარდოსანიძე
თინათინ ობოლაძე
თამარ რუსეიშვილი
ნია ჭავჭანიძე
თორნიკე მარგველაშვილი
თამარ დაუშვილი
 
დასკვნას ხელს აწერს:
ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ვარდოსანიძე
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თინათინ ობოლაძე

ფოტო და ვიდეო მასალა

კომენტარები